Monday, November 28, 2016



რატომ გამოვიდა პირველი ლედი ფიცარნაგზე...


მანანა ტურიაშვილი


მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, 7 ქართველი ქალბატონი: პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა, პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე, მუსიკოსი ნინა სუბლატი, იურისტი თამარ გურჩიანი, ფოტოგრაფი ანა გოგუაძე, რეჟისორი და მწერალი ნანა ექვთიმიშვილი, ჟურნალისტი და მწერალი ნესტან კვინიკაძე - დოკუმენტურ პიესას კითხულობდნენ (რეჟისორი სალომე ჯაში).
  
 სცენაზეა საქართველოს პირველი ლედი. ფოტო სალომე საღარაძის

„სექსუალური შევიწროვება, როგორც წესი, ხორციელდება ქალების მიმართ“ - წავიკითხეთ მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში „საქართველოს ქალთა ფონდის“ კვლევის შედეგად მიღებულ რეზულტატებში. ტრანსპორტში არასასურველი შეხება, ზედმეტი სიახლოვე; ქუჩაში სტვენა, დაჟინებული მზერა; სასწავლო და სამუშაო ადგილებში სექსუალური ხასიათის შეთავაზებები, კითხვები ან კომენტარები წარმოადგენს სექსუალურ შევიწროვებას, რომელსაც უნდა შეეწინაღმდეგო, რომ შეაჩერო.

მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, 7 ქართველი ქალბატონი: პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა, პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე, მუსიკოსი ნინა სუბლატი, იურისტი თამარ გურჩიანი, ფოტოგრაფი ანა გოგუაძე, რეჟისორი და მწერალი ნანა ექვთიმიშვილი, ჟურნალისტი და მწერალი ნესტან კვინიკაძე - დოკუმენტურ პიესას კითხულობდნენ (რეჟისორი სალომე ჯაში). ნაწარმოები „შვიდი“, მსოფლიოს 32 ქვეყანაში განხორციელდა. პიესა წარმოადგენს შვიდი აქტივისტი ქალის ისტორიას, რომლებმაც ცხოვრება გენდერული ნიშნით ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს. 

მარჯვნივ - ქალბატონი მარტინა ქვიქი
შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მარტინა ქვიქი: 25 ოქტომბერს, ქალთა და გოგონათა ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს, დაიწყო 16 დღიანი კამპანია ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც შვედეთის მხარდაჭერით და დაფინანსებით ახორციელებს ადგილობრივი ორგანიზაცია „ქალთა ფონდი“. დოკუმენტური პიესა „შვიდი“, ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ სპექტაკლში შვიდი ქართველი წამყვანი ქალი მონაწილეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში, ძირითადად ქალები არიან სხვადასხვა ძალადობის მსხვერპლნი.

თვით შვედეთში როგორია ქალთან დამოკიდებულება, მგონია, რომ იქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა...

მთელ მსოფლიოში და შვედეთშიც მოდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, თუმცა ჩვენთან, ამ საკითხებზე უფრო მეტს საუბრობენ. როცა ეს საჯარო ხდება და ამ კამპანიაში  პრესა, თავისუფალი მედია ერთვება, მაშინ ძალადობის დაძლევა უფრო ადვილია.

ქალბატონო მაკა, არაჩვეულებრივი ტემბრის ხმა გაქვთ და სცენური მეტყველების ზუსტი აქცენტები გქონდათ. ვგრძნობდი სხვა ქალების ისტორიებთან დაკავშირებულ, თქვენ ემოციას...

ნაწყვეტი სპექტაკლიდან „შვიდი“

საქართველოს პირველი ლედი და მსახიობი, მაკა ჩიჩუა: დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის... ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას და მარტო განვითარებად ქვეყნებს არ ახასიათებს. სპექტაკლში წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის (კამბოჯა, გვატემალა, ნიგერია, რუსეთი...) ქალები. როცა უცხოეთში ჩავდივარ და თუნდაც პირველი პირების ცოლებს ვხვდები, ყველა ამას ამბობს. გერმანიაშიც,  მიუხედავად იმისა, რომ იქ სისტემა კარგად მუშაობს, მითხრეს, რომ მათაც აქვთ ეს პრობლემა, ესე იგი, ბრძოლა საჭიროა. ქალი დღემდე იბრძვის იმისათვის, რომ დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრება ჰქონდეს მას, მის შვილებს, მის შვილიშვილებს და მომავალს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ჩართვაც აუცილებელია. ყველა მონაწილე მთელი გულით, მთელი ძალით, რა სახითაც შეიძლება, ასეთ აქციაში მონაწილეობის მიღებას ვცდილობთ, და არა მარტო აქციაში. ყოველთვის შეიძლება ჩახვიდე საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, ვინაიდან უსამართლობის წინაშე და წინააღმდეგ ხმის ამოღება აუცილებელია.

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია...“ საოცარია, რომ საქართველოში ქალის მიმართ ძალადობის ამდენი შემთხვევაა. ვგულისხმობ, არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც.

წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც უდედოდ რჩება, დედა, რომელიც შვილის გარეშე რჩება და ა. შ. ეს ფატალური შემთხვევებია. სხვათა შორის პრეზიდენტმა 2015 წელი - ქალთა წლად იმიტომ გამოაცხადა, რომ ყოფილი ცოლების  სერიული მკვლელობები ხდებოდა - ეს იყო კატასტროფა, საშინელება და ამას ბოლოს არ უჩანს. ამ პრობლემის აღმოფხვრას ყველა უნდა ვეცადოთ და რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება - არა მარტო ქალი, არამედ ყველა სქესის წარმომადგენელი, უკეთესია.

ყოფილა თუ არა შემთხვევები, როცა იგრძენით, რომ აი, ეს მამაკაცი თავს ავლენს, როგორც ქალზე...

როგორც უპირატესი - კი, რა თქმა უნდა, მიგვრძნია. ამიტომაც პოლიტიკაში, თუნდაც მაღალ თანამდებობებზე, ქალის გააქტიურება აუცილებელია. ბალანსის შესანარჩუნებლად ქალი აბსულუტურად ყველგან უნდა დომინირებდეს.

სპექტაკლში მონაწილე, ფოტოგრაფი ანა გოგუაძე: კამპანიის შინაარს აბსოლუტურად ვიზიარებ, ვინაიდან ეს პრობლემა მართლაც დგას საქართველოში. ჩვენ ვყვებოდით სხვა ქალბატონების რეალურ ამბებს, თუმცა საზოგადოება ვერ იფიქრებდა, რომ ეს სხვისი ამბავი იყო. დღეს, ჩვენი საზოგადოება თითქოს მზად არ არის, ამ საკითხებზე ბევრი ქალბატონი ღიად არ საუბრობს და ხელოვნება, მაყურებლის ცნობიერების ასამაღლებლად ძალიან კარგი საშუალებაა. ვიმედოვნებ, რომ დღეს, დარბაზიდან გასული მაყურებელი სხვანაირად დაიწყებს ფიქრს და  გააცნობიერებს, რომ სხვისი პრობლემა, მისი პრობლემაა.

სპექტაკლში მონაწილე, მუსიკოსი ნინა სუბლატი: ამ პროექტში მონაწილეობის მიღება მიმზიდველია, იმიტომ რომ ქალი ვარ და ამავე დროს ფემინისტი. მსურს, რომ ჩვენ ქვეყანაში ქალბატონებმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ და სანამ წარმატებამდე  მივალთ, გვინდა ხმა მივაწვდინოთ ძალადობის და შევიწროების მსხვერპლ ქალებს, მათ ვისაც თავისუფალი ცხოვრების, ხმის ამოღების საშუალება არ აქვს. გვინდა ვუთხრათ - ეს ტაბუ დადებული საკითხი არ არის, რომ ეს მსოფლიო მასშტაბით ხდება და ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.  მინდა,   ჩემ თაობაშიც გავახმაურო ეს თემა და მსურს ამ ქალებმა ხმა ამოიღონ, ისაუბრონ და ეს პრობლემები მოაგვარონ.

დოკუმენტური სპექტაკლი „შვიდი“, განხორციელდა საქართველოს „ქალთა ფონდის“, შვედეთის საელჩოსა და „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.


ფოტოების ავტორი, სალომე საღარაძე